ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა
ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზია
არის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელი,
რომელმაც დღემდე მოაღწია სწავლების უწყვეტი რეჟიმით.
151 წლის წინ დაარსდა და თავდაპირველად სახალხოსამინისტრო ერთკლასიანი სკოლა ეწოდებოდა.
,,ხარაგაულის ერთკლასიანი სახალხო (სამინისტრო) სკოლა
ერთ-ერთი უძველესია არა მარტო შორაპნის მაზრაში, არამედ
მთელ საქართველოში, რომელიც ერთგულ და ბეჯით
მასწავლებელთა წყალობით, რაკი გაიხსნა და მეცადინეობა
დაიწყო, არ დახურულა და მცირეოდენი შეფერხებების გარდა,
სულ მუდამ აღმავლობის გზით ვითარდებოდა“ (გრ. მაღრაძე,
გაზეთი „ლენინის დროშით“, 1985 წ. იანვარი, სკოლა 110
წლისაა). გაზეთ „დროების“ 1874 წლის 12 ივლისის
კორესპონდენციიდან ვიგებთ, რომ სასკოლო საქმით იმ
პერიოდში ხელისუფლებაც ყოფილა დაინტერესებული.
მაზრებში განათლების საქმეს მაზრის უფროსები და
მომრიგებელი შუამდგომლები უძღვებოდნენ. მათი მიზანი
იყო ხალხში სწავლა-განათლების აუცილებლობასა და
საერო სკოლების გახსნაზე ესაუბრათ. სკოლების დაარსების
საკითხი კი მათივე ძალისხმევით გლეხთა საზოგადოების
ყრილობაზე წყდებოდა. ამის მიზეზი გახლდათ დაფინანსება,
რადგან თანხის გამოყოფას სახელმწიფო ვერ ახერხებდა,
ამიტომ სკოლის აშენება, ან ფართის დაქირავება და მასწავლებლების ხელფასის გადახდა გლეხობის კისერზე იყო. მიუხედავად ამისა, შორაპნის მაზრის 27 საზოგადოებას 1874 წელს უკვე
ჰქონია შედგენილი განჩინება და გადაწყვეტილი ყოფილა, რომ
1875 წლის იანვრიდან მაზრაში ოცდაშვიდი სკოლა
გაიხსნებოდა. (იხ. გაზ. ,,დროება“ 1874 წ. 12 ივლისი № 432,
გვ.1).
აღნიშნული კორესპონდენციიდან ვიგებთ, რომ ხარაგაულის
ერთკლასიანი სახალხო სამინისტრო სკოლის გახსნა
ხარაგაულისა და ლეღვნის საზოგადოებების ყრილობებზე
გადაწყვეტილა. ყრილობა სამჯერ მოუწვევიათ და საბოლოო
შეთანხმებისთვის მესამე შეხვედრაზე მიუღწევიათ. უთანხმოების მიზეზი ფულადი გადასახადი გამხდარა. საბოლოოდ
გადაუწყვეტიათ, რომ ორივე სოფლის საზოგადოებიდან ორას
სამოცდათერთმეტი მანეთი უნდა აკრეფილიყო. აქედან,
ორასოცდაათი მანეთი იქნებოდა მასწავლებლის ხელფასი,
ხოლო დანარჩენი ფული სკოლის კეთილმოწყობას
მოხმარდებოდა.
1897 წელს დაარსდა ხარაგაულის ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა.
1924 წელს სკოლა ჯერ რვაწლედად შემდეგ კი ცხრაწლედად გადაკეთდა.
1931 წელს ხარაგაულის სასწავლებელი საშუალო სკოლად გამოცხადდა.
ხარაგაულის №1 საშუალო სკოლის ბოლო დირექტორი
გახლდათ ლამარა კურტანიძე. ის თავის საქმიანობას ამ
სკოლაში XX საუკუნის 80-იან წლებში შეუდგა. იყო გამოცდილი და ნიჭიერი პედაგოგი, დამთავრებული ჰქონდა ისტორიისა და დაწყებითი სწავლების ფაკულტეტები. იყო
ენერგიული და კარგი მმართველი. მისი მოღვაწეობის
პერიოდი დაემთხვა საბჭოთა სისტემის კრიზისისა და
ტოტალიტარული იმპერიის რღვევის პროცესს. 2000 წლის 13 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს
პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II-მ
ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, დაბა ხარაგაულის №1 საშუალო სკოლა გადავიდა საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის
დაქვემდებარებაში. 2000 წლის 13 აგვისტოს ხარაგაულის
უძველესი სკოლის ახალი სიცოცხლე დაიწყო. ამჯერად ის
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიად
ჩამოყალიბდა.
2013 წელს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად დადგენილ იქნა აწ განსვენებული ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე დიმიტრი (კაპანაძე), რომელიც 2015 წლამდე ბრძანდებოდა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის დირექტორი.
2015 წლის 12 იანვრიდან სკოლის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ეს მაშინ მოხდა, რაც მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორად დადგენილ იქნა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე). მან ჩაიბარა გიმნაზიის დანგრეული, განადგურებული კედლები.
შვიდთვიანი სახელფასო დავალიანებები,
საკლასო ოთახებში ჩამტვრეული იატაკები,
შეშის ღუმელი, საგაკვეთილო პროცესში კვამლით აცრემლებული მასწავლებლები და ბავშვები. მან ჩაიბარა გიმნაზია, რომელსაც არ ჰქონდა ტექნიკური აღჭურვილობა, არ ჰყავდა ტრანსპორტი, არ ეძლეოდათ ბავშვებს ე.წ ,,ბუკები”, სახელმძღვანოლოები, არ ჰქონდათ მოსწავლეებს სპორტული მოედანი.
იდგა საკითხი გიმნაზიის ავტორიზაციის გავლა-არგავლისა. ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ გიმნაზია უნდა დანგრეულიყო, ვინაიდან ის არ ექვემდებარებოდა აღდგენას. მხოლოდ მეუფე ამბობდა:
გიმნაზია არ დაინგრევა!
გიმნაზია არ დაირღვევა!
გიმნაზია არ დაიშლება!
გიმნაზია არ შეწყვეტს არსებობას!
გიმნაზია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა რეგიონში!
მისი სიტყვებია: ,,ყველაფერი კარგად იქნება”, ამ სიტყვებმა ყველა პედაგოგს, ყველა მოსწავლეს, მოსწავლეთა მშობლებს და მთელ ხარაგაულს გაუღვიძა იმედი გულში, რომ გიმნაზია არსებობას არ შეწყვეტდა და გააგრძელებდა ფუნქციონერებას.
წმინდა იაკობ მოციქული ბრძანებს:
,,სიტყვა თვინიერ საქმისა მკვდარ არს” და მეუფემ თავისი სიტყვა საქმედ აქცია.
უპირველასად გაასწორა სახელფასო დავალიანებები და არა მარტო დავალიანებები, არამედ თითოეული პედაგოგის ხელფასი გაუთანაბრა საჯარო სკოლის პედაგოგების ხელფასს. (დანამატი: უფროსი, წამყვანი, მენტორი)
მისი მიზანია მოსწავლეების ჰარმონიული აღზრდა (გონებრივი, ფიზიკური, მორალურ-ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი.) რისთვისაც ყველაფერს აკეთებს.
დაიწყო გიმნაზიის აღდგენა:
გარემონტდა გიმნაზიის
მთლიანი შენობა,
აღდგა ყველა საკლასო ოთახი, გამოიცვალა მთლიანი იატაკი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მოეწყო სველი წერტილები შიგ შენობაში, გამოიცვალა გიმნაზიის სახურავი, და სახურავზე დამონტაჟდა მზის პანელები, შეიცვალა სკოლის მთლიანი გალავანი, მოპირკეთდა ეზოში შესასვლელი გზა, მოეწყო ევროპული სტანდარტების სპორტული მოედანი, აშენდა ღია ესტრადა. 2025 წლის 18 ოქტომბერს გაიხსნა აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის უმაღლესი სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკა და აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს სკოლა-გიმნაზიას შეუსრულდა დაარსებიდან 151 წელი და პირველად სკოლა-გიმნაზიის არსებობის ისტორიაში მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით გამოიცა წიგნი – ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების….” (ავტორი – ზეინაბ ბუაჩიძე), რომელიც გახლავთ ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ისტორია. აღიჭურვა გიმნაზია კომპიუტერული ტექნოლოგიებით, 26 ცალი პერსონალური კომპიუტერი (i5 თაობის), ბოლო თაობის ინტერაქტიული დაფებით (LuminoMatrix Digital Technologies),
დაიმიშნა ტრანსპორტი, პირველ კლასელებს ურიგდებათ ლეპტოპებიAsus Vivabook intel core i7, Lenovo IdeaPad Slim 3 15IAH8 – Type 83ER, HP i5) და სახელმძღვანელოები. ასევე სახელმძღვანოლოები ურიგდებათ სხვადასხვა საფეხურზე გადამსვლელ მოსწავლეებს.
ამონარიდი ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ისტორიის წიგნიდან ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების” – ავტორი ზეინაბ ბუაჩიძე.

