,,ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, თავდაპირველად საერო (სამინისტრო), შემდეგ დაბის №1 საშუალო სკოლა და ამჟამად სასულიერო გიმნაზია ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია არა მარტო ზემო იმერეთში, არამედ მთელს საქართველოში, ეს არის იმ სიტყვების პერიფრაზი, რომელიც გვხვდება 1881წ. 6 ნოემბრის გაზეთ ,,დროებაში” დაბეჭდილ წერილში.
ეს სასწავლებელი არა მარტო სიძველითაა გამორჩეული, არამედ იმითაც, რომ აქ განათლება მიიღო მომავალ მეცნიერთა, საზოგადო მოღვაწეთა, ხელოვანთა მთელმა პლეადამ, თანავარსკვლავედმა, რომელმაც ,,გაიელვა XX საუკინის ქართულ ცაზე” და დიდი კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებასა და კულტურაში: ევგენი ხარაძე, დევი აბაშიძე, რევაზ თაბუკაშვილი, აკადემიკოსი იოსებ ბუაჩიძე, პროფესორი პეტრე ბუაჩიძე, და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ აქ ასევე განათლება მიიღო მრავალმა სასულიერო პირმა.
სასწავლებელი დაარსდა 1875 წლის 26 იანვარს (8 თებერვალი) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. აშკარაა, რომ ეს დღე სპეციალურად შეარჩიეს სკოლის გახსნისა და კურთხევისთვის. გავა წლები და 1918 წელს, იმავე დღეს გაიხსნება საქართველოს ,,ალმა მტერი”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1905-07 წლებში რევოლუციურმა განწყობამ სასწავლებელსაც გადაუარა, რაშიც დიდი წვლილი სამოელ (ნოე) ბუაჩიძემ შეიტანა, რომელიც აქ 1903-05 წლებში მასწავლებლობდა. ალახანოვ-ავარსკის რაზმელთა მიერ გადამწვარი სკოლა ხალხის შემოწირულობით და სახელმწიფო ხარჯებით მალე აღადგინეს, სწავლა არ შეჩერებულა, რადგან შენობა იქირავეს. მოსწავლეთა რიცხვი თანდათან მატულობდა, 1921 წელს შვიდწლედად, ხოლო 1924 წელს რვაწლედად გადაკეთდა. 1940 წელს მოსწავლეთა რიცხვმა 500 მიაღწია. ამ დროს აშენდა სკოლის ახალი შენობა, სადაც მოსწავლეთა ნაწილი გადაიყვანეს, ასე დაარსდა დაბის №2 საშუალო სკოლა.
2000 წელს დაბა ხარაგაულის №1 საშუალო სკოლა სასულიერო გიმნაზიად გადაკეთდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის მაშინდელ დირექტორს, შესანიშნავ პედაგოგს, ქ-ნ ლამარა კურტანიძეს. პედკოლექტივს თავიდანვე ჰქონდა სწრაფვა სარწმუნოებისკენ. საქართველოს მართლმადიდებელმა საპატრიარქომ გადაარჩინა სკოლა განსაცდელისგან. საფრთხე მართლაც დიდი იყო. აღნიშნულ წელს სკოლების ოპტიმიზაციის პროგრამიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა №1 საშუალო სკოლა, I საფეხურის, 6 კლასიან, სასწავლებლად გადაეკეთებინათ. გაესხვისებინათ მისი ეზო, რადგან დაწყებითი კლასის საფეხურებს ამხელა ფართი აღარ დასჭირდებოდა. სკოლის პედკოლექტივი ბედს არ შეურიგდა, დაირაზმა და დახმარება საპატრიაქროს თხოვა. მალე სკოლა გამოვიდა სახელმწიფო დაქვემდებარებიდან და მისი შენობა და ეზო, უზუფრუქტის წესით, გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას. ეს იყო დიდი სიხარულის დღე. სკოლა გადარჩა, შეუნარჩუნდა თავისი სტატუსი და პედაგოგიური კადრები, გადაკეთდა გიმნაზიად, გაძლიერდა მთელი რიგი საგნების სწავლება. პირველ რიგში საღვთო სჯულის.
გიმნაზია დაადგა ახალ, რთულ, განსაცდელებით სავსე გზას. ამ პერიოდში სხვადასხვა სიძნელეებს ისიც დაემატა, რომ მოიშალა სკოლის ინფრასტრუქტურა. მიუხედავად სირთულეებისა ის მაინც მიიწევდა წინ და წარმატებებს აღწევდა ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მის ღირსეულ პედკოლექტივს.
2015 წლიდან, როცა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი გახდა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მელქისედეკ ხაჩიძე, სკოლის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ამ შესანიშნავმა და კეთილმა მწყემსმა თავის მხრებზე იტვირთა გიმნაზიის პრობლემები, დიდი ძალისხმევისა და უძილო ღამეების შედეგად მოახერხა სასწავლებლის ფეხზე დაყენება.
მეუფე მელქისედეკმა, როგორც იტყვიან, რკინის ქალამნები ჩაიცვა და მოიძია თანხები სასწავლებლის სრული რეაბილიტაციისთვის. ძველი ავარიული სკოლის შენობიდან დარჩა მხოლოდ კარკასი, დანარჩენი მთლიანად გამოიცვალა. დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სკოლამ მიიღო ჭკვიანი დაფები, კომპიუტერები, პირველ კლასელებს გადაეცემათ ლეპტოპები, აშენდა საფეხბურთო სტადიონი, ღია საკონცერტო ესტრადა, მოსწავლეებს ემსახურება სკოლის ტრანსპორტი და სხვა მრავალი. აქ სწავლება უფასოა. სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია 2016 და 2023 წლებში. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ღვაწლი კიდევ ერთი მაგალითია იმისა თუ, როგორ ზრუნავდნენ საუკუნეების მანძილზე სასულიერო პირები და ზრუნავენ დღესაც ერის განათლებისა და მომავალი თაობების სასიკეთოდ.”
ნაწყვეტი ზეინაბ ბუაჩიძის წიგნიდან ,,ხარაგაულის ქრონიკები”.
