საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) დაიბადა 1975 წლის 25 აპრილს ქალაქ ხაშურში. 1992 წელს დაამთავრა ქალაქ ქუთაისის 32-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1995 წელს სწავლა განაგრძო გელათის სასულიერო აკადემიაში, ხოლო პირველი კურსის დახურვის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა ქ. თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1998 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარისის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და იმ დროს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, ამჟამად დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) შუამდგომლობით, სწავლა განაგრძო საბერძნეთში, ქ. ათენის უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2003 წელს და ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
2004 წლის 3 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აკურთხეს დიაკვნად და ეწოდა სახელი მელქისედეკი, ხოლო იმავე წლის 12 აპრილს აკურთხეს მღვდლად. ორივე ხელდასხმა საბერძნეთში, ქ. ტრიკალაში, წმინდა ბესარიონის სახელობის მონასტერში, შეასრულა დიავლიის მიტროპოლიტმა დამასკინოსმა. 2005 წლის 31 აგვისტოს, ქ.თბილისში, ფერისცვალების მამათა მონასტერში, ბერად აღკვეცა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ხოლო იმავე წლის 11 სექტემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აიყვანა იღუმენის ხარისხში.
2007 წელს, ქ. ათენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ღვთისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, იმავე წელს ჩაირიცხა სადოქტორო პროგრამაზე. ათენში ყოფნის პერიოდში მსახურობდა სხვადასხვა ტაძრებში.
2008 წლის თებერვლიდან ივლისამდე, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, მოღვაწეობა გააგრძელა ესპანეთში, ქ. არნედოს წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში. ხოლო ივლისიდან, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაიყვანეს თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად.
2008 წლის 21 დეკემბერს აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 2009 წლის 30 აპრილს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წარდგინებითა და წმინდა სინოდის განჩინებით, გამოირჩა ჰერეთის ეპისკოპოსად. ხელდასხმა შესრულდა ამავე წლის 3 მაისს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში, ასევე ამავე წლის 28 აგვისტოს მის ეპარქიას შეუერთდა დედოფლისწყაროს რაიონიც, ხოლო 2015 წლის 12 იანვრიდან, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველია.